გვაპატიე, ლუკა, არა მარტო, ლუკა!

gurianews.com

გიორგი გირკელიძის ბლოგი

გვაპატიე, ლუკა, არა მარტო, ლუკა!

2019 დეკ 18 16:07:05

როგორც ბოლო პერიოდში გვჩვევია, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში არა ერთი კომენტარი, სტატუსი, ფოტო მივუძღვენით... იყო ბრალდებები, უმეტესად გამოძიების, ასევე “მწვანე სკოლის“ მისამართით...

ლუკას თვითმკვლელობის მცდელობა გამომძიებელთან საუბრით სახელდება, გამოძიება კი “მწვანე სკოლაში“ გაკეთებული წარწერების გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, "მწვანე სკოლაში" ღამით უცხო პირები შეიჭრნენ _ დერეფნებში, საკლასო ოთახებში, კედლებზე, დაფებზე, რუკებზე საღებავებით უწმაწური წარწერები გააკეთეს, სათვალთვალო კამერების ეკრანებს საღებავი მიასხეს. რადგან კამერებიდან, ვერ დადგინდა  ვინ იყვნენ, სკოლამ პატრული გამოიძახა.

როგორც ჩვენ ვიცით,  ათასი ვერსია გავრცელდა და ამ ათასს ვერსიებში ის სიმართლე იკარგება, რაც სინამდვილეში იყო.  და, როდის გაირკვევა სიმართლე, ამას უკვე ჩემთვის დიდი მნიშვნელოვანი აღარ აქვს. ფაქტია ისაა, რომ 15 წლის ბავშვის სიცოცხლე დასრულდა.

ლუკას გარდაცვალების შემდეგ იაშვილის კლინიკაში სამოქალაქო აქტივისტებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. ეს  ჩემთვის იყოს  ერთ-ერთი გადადგმული ადამიანური ნაბიჯი და არა ის, რომ ფეისბუქ-აღშოთებული მომხმარებლების ერთმა ნაწილმა პოლიტიკურ განცხადებებში გახვიეს გარდაცვლილის სული.

ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც კი ლუკა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. თავი დავანებოთ ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცის დასანახად ემოციების გამოხატვას და დავიწყოთ საფუძვლიანი ფიქრი იმაზე, რატომ გვჭირს  და რატომ ხდება ჩვენს ქვეყანას ასეთი და ამდენი უბედურება.

გოდერძის ჩოხელის “თევზის წერილების“ გმირი უსამართლობას რომ გაქცეოდა, შუა მდინარეში შევიდა და თევზად “გადაიქცა“. მოთხრობის დასასრულს  ვკითხულობთ:

“არაგვს იმ ღამეს სულ წაეღო გუშინღამით მოტანილი შეშა. აღარავისთვის დაეტოვებინა ერთი ნაფოტიც კი. ისინი გუშინდელ ნახალიკარ ადგილებთან იდგნენ და ნაჩხუბრებს ერთიმეორისათვის ხმის გაცემა რცხვენოდათ. იმათ შორის ნიაღვრისაგან დამხრჩვალი თევზები ეყარა აქა-იქ.

მარტო გამიხარდაი აღარსად ჩანდა. იმისი ცოლი თმაგაშლილი მისდევდა შავ არაგვს და უკან ბალღები მისდევდნენ გულამომჯდრი ქვითინით.

ამ უბედურმა შემთხვევამ გამოაფხიზლა ნაჩხუბარი ხალხი და ისევ ერთად შეკრა. უბედურებამ ყველას დაავიწყა წყენა და არაგვს გაეკიდნენ დაკარგული ადამიანის დასაბრუნებლად. ისე გულსაკლავად მისდევდა ეს შავოსანი ხალხი აბობოქრებულ არაგვს, რომ უნებურად გავიფიქრე: «ღირს! ღირს!», და მეც იმათ გავყევი უკან.“

ახლა ხდება საზოგადოების გაერთიანება? არა!

ლუკას შემთხვევა ერთი არ არის _ წლებია, გვესმის და ჩვენ თვალწინ იკლავენ თავს ბავშვები... ჩვენ ვვიშვიშებთ, ხელს ვისკენაც გვინდა, იმისკენ ვიშვერთ. დამთავრებული არ არის ერთ ამბავზე ხმაური, მეორე საშინელება მოსდევს, მეორეს _ მესამე და ასე გრძელდება უსასრულოდ. მაგრამ, სანამდე?! ამ კითხვაზე პასუხი, კარგა ხანია, არ გვაქვს...




არქივი